2011 წლის პირველი ნახევრის მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ არასათანადო მოპყრობა კვლავ წარმოადგენს პენიტენციური სისტემის პრობლემას. ამის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალურ 2011 წლის პირველი ნახევრის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს ასახავს.
ანგარიშის თანახმად, არასათანადო მოპყრობის სრული აღმოფხვრისთვის აუცილებელია თითოეული ამგვარი ფაქტის ეფექტური გამოძიება და დაუსჯელობის სინდრომის დაძლევა, რაც დღესდღეობით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
"საგამოძიებო ორგანოების პასიურობისა და არაეფექტურობის შედეგად იქმნება ნიადაგი დაუსჯელობის განცდის ჩამოყალიბებისთვის პენიტენციური სისტემის თანამშრომლებში, ამავე დროს, პატიმრებს უჩნდებათ უნდობლობა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, რაც, რასაკვირველია, არანაირად არ უწყობს ხელს არასათანადო მოპყრობის პრაქტიკის გამოვლენას და აღმოფხვრას. ევროსასამართლოს პრეცედენტების თანახმად, თუ პირი დაზიანდა პატიმრობის ან სხვა ისეთ დროს, როდესაც იმყოფებოდა პოლიციის კონტროლის ქვეშ, ნებისმიერი ასეთი დაზიანება წარმოშობს მტკიცე პრეზუმფციას, რომ პირი სასტიკ მოპყრობას
დაექვემდებარა. 1. სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, წარმოადგინოს დამაჯერებელი ახსნა-განმარტება, რამ გამოიწვია დაზიანებები. თუ სახელმწიფო ამის ახსნას ვერ წარმოადგენს, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საკითხი აშკარად წამოიჭრება. 2. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მე-14 ზოგად ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოძიება უნდა იყოს ძალზე დეტალური და ვრცელი, უნდა ჩატარდეს სწრაფად და მის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირები არ უნდა იყვნენ დაკავშირებულნი აღნიშნულ მოვლენებში ჩართულ პირებთან. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებას საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების ეფექტურობას", - აღნიშნულია ანგარიშში.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არ ხდება არასათანადო მოპყრობის იმ ფაქტების გასაჯაროება, რომელთა კონფიდენციალურად დატოვებას მოითხოვენ თავად პატიმრები.
"2011 წლის 5 სექტემბერს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები შეხვდნენ და გაესაუბრნენ N18 სამკურნალო დაწესებულებაში განთავსებულ პატიმარს მიხეილ ი.-ს, რომელმაც განმარტა, რომ გლდანის N8 დაწესებულებაში ყოფნისას მას სისტემატურად სცემდნენ. მას მონახულების დროისთვისაც ეტყობოდა დაზიანებები. მეორე დღესვე N18 სამკურნალო დაწესებულებაში მივლინებულ იქნა სპეციალური პრევენციული ჯგუფის სამედიცინო ექსპერტი, რომელსაც აღნიშნული დაზიანებები უნდა აღეწერა, თუმცა მასთან შეხვედრისას პატიმარმა განაცხადა, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ახსოვდა, თუ რა ახსნა-განმარტება მისცა სახალხო დამცველის რწმუნებულს და მოითხოვა, რომ მის ახსნა-განმარტებას რეაგირება არ მოყოლოდა და განაცხადა, რომ სახალხო დამცველის დახმარებას არ საჭიროებდა. ასევე, პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ პატიმარი, რომელიც მიუთითებს მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, ჩივილის შემდეგაც რჩება იმავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და იმავე თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ, რაც წარმოშობს შიშის სინდრომს, რის გამოც პატიმარი, ხშირ შემთხვევაში, უარს ამბობს თავის განაცხადზე", - აღნიშნულია ანგარიშში.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო ორგანოები არ გამოირჩევიან განსაკუთრებული პროაქტიურობით, როდესაც საქმე პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობას ეხება.
"საქართველოს სისხლის სამართლის 101-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, წინასწარი გამოძიების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს მასმედიაში
გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა, როგორც წესი, საჩივრის ან ოფიციალური
შეტყობინების გარეშე გამოძიება არ იწყება", - ნათქვამია ანგარიშში.