დღეს, 13 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ფოტოალბომის "აფხაზეთი XIX საუკუნე" (აფხაზეთი ფოტოებში, სურათებსა და ჩანახატებში) პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც ცნობილია, აფხაზეთში 1992-1993 წწ. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზიანდა ან პრაქტიკულად განადგურდა აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის ამსახველი მასალა: დაიწვა მუზეუმები, არქივები, ბიბლიოთეკები. ათიოდე წლის წინ აფხაზეთის საზოგადოებამ თხოვნით მიმართა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტს, მოეძიებინა ენგურსაქეთ ტერიტორიაზე შემორჩენილი აფხაზური კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ნიმუშები.
ალბომი აფხაზური და ქართული მხარეების თითქმის ათწლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგია. "აფხაზეთი XIX საუკუნე" დასაბეჭდად მოამზადეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა და ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა.