საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ქვეყნის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპია. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
"დღეს ბრიუსელში საბოლოოდ მოეწერა ხელი საქართველოსა და ევროკავშირის შორის თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების დაწყებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპი ჩვენი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, თავისუფალი ვაჭრობაზე გარკვეული ვადა დაგვჭირდება, თვეები და შეიძლება წლებიც, მაგრამ არც ისე ბევრი. ეს ინვესტორებს აძლევს საშუალებას, რომ გახსნას აქ ბევრი საწარმო, დაასაქმოს ბევრი ხალხი, როგორი პრობლემებიც არ უნდა იყოს ევროპის ბაზარზე, ჩვენი ქვეყნისთვის ევროპა ძალიან მიმზიდველი ალტერნატივაა. ამგვარად ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ამის დაწყებით ევროკავშირმა თქვა, რომ საქართველომ სწორი რეფორმები გაატარა. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ გაზაფხულზე დაიწყება უვიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკებებ.
"რაც მოხდა მთავარი წელს, ეს არის ფსიქოლოგიური შემოტრიალება საქართველოს მიმართ ევროპის. როცა 2004 წლის იანვარში ავაფრიალეთ ევროკავშირის დროშა, მაშინ ყველას რეაქცია იყო დამცინავი, ზოგიერთისთვის დაუჯერებელი, მიაჩნდათ, რომ ვფანტაზიორობთ. მაშინ მართლა ჩვენი იდეალის განცორციელება იყო, რომ ეს არის სისტემა. ჩვენ გვინდა საქართველოში ევროპული ტიპის დემოკრატია ავაშენოთ. მაშინ არ ვოცნებობდით, რომ საქართველოს ვინმე ევროკავშირში მიიღებდა, მაშინ ევროპელები ამბობდნენ, რომ გეოგრაფიულად ეს არ არის ევროპა. ეს არის საერთოდ სხვა განვითარება, სხვა სივრცე, სხვა გავლენის სფერო", - აღნიშნა სააკაშვილმა.