საქართველოს საგარეო უწყება აფხაზეთის, საქართველოს მდინარეების დელტადან ინერტული მასალების მოპოვებას გაგრძელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
2011 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტმა" გააკეთა განცხადება, სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, აფხაზეთის, საქართველო მდინარეების დელტადან მოპოვებული ინერტული მასალების "ექსპორტთან" დაკავშირებით. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი გეგმავენ 1-2 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალის "ექსპორტს" რუსეთში.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ეს განცხადება არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ოლიმპიური ინფრასტურქტურის მშენებლობისათვის საჭირო ინერტული მასალების მოპოვება და "ექსპორტი" აფხაზეთიდან, საქართველო კვლავაც გრძელდება, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების ისევე, როგორც საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით.
"აღნიშნულთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ არაერთხელ მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას. ამ პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, საბოლოოდ, საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებულ უნიკალურ და ფაქიზ ბუნებას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება, რაც მთლიანი შავი ზღვის რეგიონის ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასია", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა რუსეთისა და მის მიერ კონტროლირებადი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებების შესაჩერებლად.