საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, დღეს ბრიუსელში ოფიციალურად გაცხადდება ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა მიიღო საქართველოსთან მიმართებაში. მისი თქმით, ეს არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნის ოფიციალური განაცხადი.
"ეს გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ოფიციალურად დღეიდან ეს მოლაპარაკებები გახსნილად ითვლება. ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 2012 წლის იანვარშივე გაიმართება ექსპერტების დონეზე, რათა დიალოგი გადავიდეს ძალიან კონკრეტულ ჭრილში და ეს მოლაპარაკებები უკვე ტექნიკურ დონეზეც აისახოს. ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ევროკავშირს ეს გადაწყვეტილება მიეღო", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, საქართველოს მხრიდან მოხდა იმ პირობების დაკმაყოფილება და წარმატებით შესრულება, რომლებსაც ამ მოლაპარაკების გახსნისთვის ევროკავშირი საქართველოს უყენებდა.
"ჩვენ მივესალმებით ამ ფაქტს და გვიხარია, რომ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით ამას დიდი წვლილი ექნება. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბაზარზე შევძლოთ შესვლა და ამავდროულად საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა გახდეს კონკურენტუნარიანი", - განაცხადა კალანდაძემ.