დღეს, 10 დეკემბერს, 11:00-15:00 საათზე, შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია Share Miusic Schweden და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიური მოზაიკა" მართავენ საერთაშორისო ვორკშოპს: "მუსიკის (ხელოვნების) როლი ალტერნატიულ განათლებაში".
ღონისძიების მიზანია თანამედროვე მუსიკალური ტექნოლოგიური ახალი მეთოდების პრეზენტირება და ქართველი მუსიკოსებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთათვის გაზიარება. ეს მეთოდები წარმატებით გამოიყენება ევროპაში ალტერნატიული განათლების დროს, მათ შორის უნარშეზღუდულებთან მუშაობაში, თუმცა მუსიკის, ხელოვნების გამოყენება ალტერნატიულ და დამატებით საგანმანათლებლო რესურსად ადამიანის განვითარების ყველა ეტაპზეა შესაძლებელი.
ვორკშოპში წარმოდგენილი იქნება თანამედროვე მუსიკალური საშუალებები (სენსორული მიკროფონი და სხვ.). პროფესიონალი მუსიკოსები და პედაგოგები ისაუბრებენ მუსიკის ახალ ტექნოლოგიებსა და აღმზრდელობით-პედაგოგიურ დატვირთვაზე. ნაჩვენები იქნება ევროპული გამოცდილება (დოკუმენტური ფილმების ფრაგმენტები). მონაწილეებს საშუალება ექნებათ ვორკშოპის მსვლელობაში გაიარონ პრაქტიკული ტრენინგიც. ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატები.