მუსიკოსმა მასტერმა ნატო გელაშვილის "დეკემბერი" ერთ ღამეში "გარეპა". როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გიორგი პავლიაშვილმა, იმავე "მასტერმა", განუცხადა, ქალაქური სიმღერის რეპის სტილში შესრულება არ გასჭირვებია.
"იდეა "ფორტუნა პლუსის" მენეჯერს რეზო კაკულიას ეკუთვნის. ამ სიმღერის რიმეიქი და არანჟირება ერთ ღამეში გავაკეთე. მერე ნატოს ვანახეთ და 4-5 დღეში ჩავწერეთ. შიში მქონდა, მაინც ქალაქური სიმღერის გარეპვა მიწევდა, თუმცა, მემგონი, კარგი გამოგვივიდა", - განაცხადა პავლიაშვილმა.
ახლებური ინტერპრეტაციით თავად ავტორი და შემსრულებელი, ნატო გელაშვილიც კმაყოფილია. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნა, თავიდან ეჭვის თვალით უყურებდა ყველაფერს.
"თუმცა მერე, როცა მოვისმინე, ძალიან მომეწონა. ნიჭიერი ბიჭია, მომეწონა ტექსტი და მუშაობის პროცესიც. ეს ექპერიმენტი იყო. მისაღები ახალგაზრდა თაობისთვის, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ჩემს თაობასაც ძალიან მოეწონა", - განაცხადა გელაშვილმა.
პავლიაშვილს დუეტი ია ჩანტლაძესთან, კაბუსთან და ძვალთან აქვს ჩაწერილი.