13 დეკემბერს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დაარსებიდან 75 წლისადმი მიძთვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
ბათუმის თოჯინების თეატრი, რომელსაც ადრე ტიკინების თეატრის სახელით მოიხსენებდნენ, ერთ-ერთ უძველესი თოჯინური თეატრია საქართველოში. იგი 1936 წელს დაარსდა. თოჯინური სპექტაკლების დადმის ტრადიცია კი ბათუმში მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება.
საიუბილეო დღეებში ბათუმში ელოდებიან საპატიო სტუმრებს უცხოეთიდან. საიუბილეო საღამოს დაესწრება მსოფლიო UNIMA-ს გენერალური მდივანი ჟაკ ტრუდო, ასევე დელეგაციები თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან. იუბილეზე მოწვეულები არიან საქართველოში არსებული თოჯინების თეატრების ხელმძღვანელები.
75 წლის განმავლობში ბათუმის თოჯინების თეატრს არ გააჩნდა საკუთარი შენობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ საიუბილეოდ თეატრს ბათუმის ერთ-ერთ ძველ და პრესტიჟულ უბანში ახალი შენობა გადასცა, რომლის რეაბილიტაციის პროექტი უკვე შექმნილია და შენობა, რომელიც თანამედროვეობის ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს, ექსპლუატაციაში 2012 წლის ბოლოს შევა.
13 დეკემბერს, ბათუმში ასევე გაიმართება საქართველოს UNIMA-ს დამფუძნებელი კონფერენცია, უკვე ცნობილია, რომ საპატიო თავმჯდომარეებად დასახელდებიან გივი სარჩიმელიძე და რეზო გაბრიაძე.