რუსეთი შიშობს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებამ, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებას 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორებისკენ უბიძგოს. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ლავროვის განცხადებით, ნატო-რუსეთის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს თემა განიხილებოდა: ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებული იყო კომუნიკე, სადაც ნახსენებია საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელიც სამხედრო ბლოკში შესვლას ესწრაფვის.
"მე მაშინ გავაფრთხილე ჩვენი კოლეგები, რომ ნებსით ან უნებლიეთ საქართველოს ახლანდელ რეჟიმს რაღაც 2008 წლის აგვისტოს მსგავსისკენ არ უბიძგონ. იმიტომ, რომ ომი მოჰყვა მალევე ნატოს ბუქარესტის სამიტს, სადაც ასე უაპელაციოდ იქნა გაცხადებული, რომ საქართველო ნატოს წევრი იქნება", _ განაცხადა ლავროვმა და აღნიშნა: "გამოვთქვი იმედი იმისა, რომ ნატოელები მაინც მეტი პაუხისმგებლობით მიუდგებიან ასეთი სახის მოვლენებს, როგორიც 2008 წლის აგვისტო იყო რეგიონში, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხრე კავკასიისთვის, არამედ რუსეთის ფედერაციისთვისაც. იქ ჩვენი მეზობლები და უახლოესი მოკავშირეები ცხოვრობენ. იმედი მაქვს, ჩემი გაიგეს", _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში მიღებული ზომები რომ არა, ნატოს საზღვრები მნიშვნელოვნად გაფართოვდებოდა.