სხვადასხვა თაობის რეჟისორები თბილისის თემაზე მოკლემეტრაჟიან ფილმებს გადაიღებენ, რომლებიც შემდეგ ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება. როგორც რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, სცენარი "ეროვნულ კინოაკადემიაში" უკვე მიიტანა და სარედაქციო ჯგუფის გამოხმაურებას ელოდება.
"ძალიან ბევრი სცენარია შესული, აქედან უნდა აირჩეს ისეთი, რომელიც ამ ფორმატში ჩაჯდება. იდეა ძალიან კარგია, დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი წარმატებებს მიაღწევს. მასში ხვადასხვა თაობის რეჟისორები მონაწილეობენ. რაც უფრო ჭრელი და მრავალფეროვანი იქნება, მით უფრო საინტერესო გამოვა ფილმი", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რეჟისორმა.
"მე მიყვარს პარიზის" და "მე მიყვარს ნიუ-იორკის" მსგავსად, ჩვენს დედაქალაქზედაც უნდა გადაიღონ სურათი, რომელიც სხვადსხვა ქართველი რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმებისგან იქნება შემდგარი. ქართველ რეჟისორებს სცენარებთან დაკავშირებით განაცხადები უკვე შეაქვთ. მათ შორის არიან მერაბ კოკოჩაშვილი, ნანა ჯანელიძე, მიხეილ კობახიძე, ირაკლი ჩხიკვაძე, გიორგი ოვაშვილი და ა.შ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, ფილმის პროდუსერები დედაქალაქზე ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას სამ ამერიკელ და 2 ევროპელ რეჟისორთანაც აწარმოებენ. "ვარიაციები თბილისის თემაზე" - ასეთია პროექტის პირობითი სათაური, რომელშიც ქართველ მსახიობებთან ერთად ჰოლივუდელი მსახიობებიც მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის, მალკომ მაკდაუელი, რომელთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება.