ფილმის "247 გრადუსი ფარენგეიტი" რომელშიც ჰოლივუდელი მსახიობები მონაწილეობენ დღეიდან კინოთეატრებში მხოლოდ 10 დღის განმავლობაში გავა.
როგორც რეჟისორები "ჯი-ეიჩ-ენთან" აცხადებენ ფილმი საერთაშორისო აუდიტორიაზე იქნა გათვლილი. მისი ჩვენების უფლება უკვე 46-მა ქვეყანამ მოიპოვა. მსოფლიო პრემიერა კი 2012 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.
"ფილმის პრემიერა დღეს შედგება. თუმცა, პრემიერამდე დახურული ჩვენება კინო "რუსთაველში" უკვე გაიმართა, სადაც სპეციალურად მიწვეული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იყვნენ მოწვეულები. ვფიქრობ, იქ დამსწრე საზოგადოება ძალიან კმაყოფილი დარჩა. იმედი გვაქვს ამჯერადაც წარმატებას მივაღწევთ, იმიტომ რომ ამისთვის თითოეული დეტალი გვქონდა გათვლილი", - განაცხადა რეჟისორმა ლევან ბახიამ.
ცნობისთვის, კინონამუშევარი საშინელება-ტრილერის ჟანრს მიეკუთვნება. მისი შინაარსი საქართველოში მომხდარ რეალურ ისტორიას ეფუძნება. 4 ახალგაზრდა მეგობარი ვიქენდის გასატარებლად ტბისპირა აგარაკზე გასართობად მიდის. ფილმის ძირითადი ეპიზოდი საუნაში ვითარდება. მხიარულება კოშმარად მას შემდეგ იქცევა, რაც საუნის კარის მოულოდნელი ჩაკეტვა გმირებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. დახურულ სივრცეში მომწყვდეულ ახალგაზრდებს ისღა დარჩენიათ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას გაუძლონ და რამდენიმე საათის განმავლობაში ტემპერატურას ებრძოლონ, რომელიც თნდათან 247 გრადუსს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მაყურებელი ფილმს მსოფლიო პრემიერამდე 5 თვით ადრე ნახავს.