აჭარაში შიდა ტურისტებს ძირითადად ზღვა იზიდავთ, ხოლო უცხოელ ტურისტებს ეკოტურიზმი, ამის შესახებ "ტურისტების კვლევა აჭარაში"- ა ნათქვამი. კვლევა "ეისითი კვლევის" მიერ UNDP-ის დაკვეთით მომზადდა.
კვლევაში ნათქვამია, რომ აჭარაში ტურიზმის განვითარების პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, რაც ერთი მხრივ ტურისტების, ხოლო მეორე მხრივ, უცხოური ინვესტიციების სიმრავლეზეც მკვეთრად აისახება.
აღსანიშნავია, რომ შიდა ტურისტებს აჭარაში ძირითადად ზღვა იზიდავთ, ხოლო უცხოელ ტურისტები ეკოტურიზმით (მაღალმთიანი აჭარა) არიან დაინტერესებულნი. შესაბამისად, აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის სფეროში სხვადასხვა მიმართულების განვითარების კუთხით, რათა რეგიონი მიმზიდველი იყოს ტურისტებისთვის წლის ნებისმიერ სეზონზე. რაოდენობრივი კვლევის მონაცემების მიხედვით, აჭარაში სექტემბრის თვეში ჩასულ ტურისტებს შორის ყველაზე მეტი ქალები იყვნენ, ხოლო რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, გარე ტურისტებს შორის ყველაზე ხშირად აჭარას 25-34 წლამდე ადამიანები სტუმრობენ, ხოლო შიდა ტურისტებიდან აჭარას დაახლოებით ერთნაირი განაწილებით სტუმრობენ ადამიანები 18-24 წლამდე (28%) და 24-35 წლამდე (24%). სოციალური სტატუსის მიხედვით, აჭარა ერთნაირად საინტერესოა როგორც დაქორწინებული, ასევე ქორწინებაში არ მყოფი ადამიანებისათვის. გარე ტურისტთა 54% დაქორწინებულია, ხოლო შიდა ტურისტთა 47% დაუქორწინებელი. ვიზიტორთა ნახევარზე მეტი დასაქმებულია (65%), საქმიანობის სფეროების მიხედვით აჭარას დამსაქმებლების (ბიზნესმენების) მხოლოდ 1,80% სტუმრობს, ასევე მცირე პროპორციით არიან წარმოდგენილნი თვითდასაქმებულები და პენსიონერები. ტურისტების 71,6%-ს აჭარაში ყველაზე მეტად ღირშესანიშნაობების/ბუნების და ლანდშაფტის მონახულება იზიდავს, ვიზიტორთა 51,4 % კი ნებისმიერ გართობისა და დასვენების ადგილებში სიარული.
აჭარას ტურისტები უმეტეს წილად ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად სტუმრობენ. ტურისტული ჯგუფები საშუალოდ 4 ადამიანისაგან შედგება. ტურისტების მხოლოდ 12% იმოგზაურა ამჯერად მარტომ.
რაც შეეხება განთავსების საშუალებებს, ტურისტები ღამის გასათევად ძირითადად არჩევენ საოჯახო ტიპის სასტუმროებსა და ნათესავის/მეგობრის სახლს (სადაც არ იხდიან ფულს). ტურისტების უმეტესი ნაწილი დასასვენებელი ადგილებისა და აჭარის შესახებ ინფორმაციას ძირითადად მეგობრებისგან იღებს.