სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთეს. მათივე ცნობით, მხილებულია ერთ-ერთი პაციენტის ოჯახის წევრი, რომელიც ციხეში პაემანზე შედიოდა.
"სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე უსაფრთხოებისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებმა №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთეს.
სავარაუდო დანაშაულში მხილებულია ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრი, რომელიც დაწესებულებაში პაემანზე შედიოდა.
ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სამართლებრივი რეაგირების მიზნით, შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადასცა საგამოძიებო უწყებას.
უწყება მოუწოდებს პენიტენციურ დაწესებულებებში შემსვლელ პირებს, თავი შეიკავონ აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების დაწესებულებაში შეტანის მცდელობისგან. პენიტენციური დაწესებულებები აღჭურვილია შესაბამისი უსაფრთხოების სისტემებითა და კონტროლის მექანიზმებით და მსგავსი უკანონო ფაქტების გამოვლენას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება". - ნათქვამია განცხადებაში.