პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ განსაზღვრავს, საქართველოს ჩართვას ირანსა და აშშ-ს შორის კონფლიქტში.
პოლიტოლოგის აზრით, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და იმის მიუხედავად, საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა იქნება თუ არა, მის სურვილზე იქნება დამოკიდებული გამოიყენებს თუ არა ის საქართველოს ტერიტორიას საომარი მოქმედებების საწარმოებლად.
"უპირველესად ის არის გასარკვევი, ირანსა და აშშ-ს შორის კონფლიქტი რამდენად რეალურია. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში ჩართული იქნება ამ კონფლიქტში, აქ საკითხი ცოტა სხვაგვარადაა. იმის მიუხედავად, ნატო-ს წევრი იქნება საქართველო, თუ არა, აშშ-ს მიერ შესაძლებელია საქართველოს ტერიტორია იქნას გამოყენებული და საქართველო, შესაძლოა, მოხვდეს ნატო-ს მოქმედების არეალში", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რამაზ საყვარელიძემ.
მისივე თქმით, ირანსა და აშშ-ს კონფლიქტის შემთხვევაში საომარი მოქმედებების საწარმოებლად აშშ პირველ რიგში ერაყის ტერიტორიას გამოიყენებს და საქართველოსთან მიმართებაში ეს რისკი ნაკლებია, იქედან გამომდინარე, რომ აშშ საქართველოსა და ირანს შორის მეზობლურ ურთიერთობას ანგარიშს გაუწევს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა ირინა სარიშვილმა მოსახლეობას მიმართა, რომ არ მიიღონ პლებისციტში მონაწილეობა, რომელიც ნატოში გაწვრიანების შესახებ გამოკითხვას ითვალისწინებს. მისი თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება ნიშნავს აფხაზეთსა და ოსეთზე უარის თქმას და ამასთან საქართველო ცაერთვება ირანსა და აშშ-ს შორის კონფლიქტში.