ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" დეპუტათა რაოდენობის გაზრდის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეჩერების ინიციატივით გამოდიან. ეს მას შემდეგ მოხდა რაც პარლამენტის სხდომაზე ოპოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა.
~ქრისტიან-დემოკრატები~ წევრმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება უნამუსოდ იქცევა.
ვეფხვაძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს "შეტენოს" და პარლამენტის რიცხოვნობის გაზრდის პასუხისმგებლობა აკიდოს, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ეს პოპულარული თემა არ არის და საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია.
ლევან ვეფხვაძის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების და დეპუტთა რაოდენობის 190-მდე გაზრდის შემთხვევაში, ისეთი პატარა პარტიები, როგორიცაა ~ჯონდისა და ცაგარეიშვილის პარტია, შესაძლებლობა ექნებოდათ სხვა დიდი პარტიებთან ერთად პარლამენტში აღმოჩენილიყვნენ~.
"როგორც ჩანს, მათ ეს არ უნდათ. კი ბატონო, დავტოვოთ ისე, როგორც არის - 150 კაციანი პარლამენტი", - განაცხადა ვეფხვაძემ.
მანვე ოპოზიციურ რვიანში მიმდინარე მოლაპარაკებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი თავის დროზე "რვიანის" ფორმატში ითხოვდა დეპუტათა რაოდენობის გაზრდას, ახლა ამის საჯაროდ თქმის თავი არა აქვთ და ახლა მის პოლიტიკურ ძალას აკრიტიკებენ. .
ლევან ვეფხვაძემ იმ პარტიების ლიდერებზეც ისაუბრა ვინც ახალ ლიდერად ბიძინა ივანიშვილს თვლის, თუმცა, ივანიშვილის გვარი არ უხსენებია.
"მათ ჰყავთ ახალი ლიდერი, რომელიც ატარებს ექსპერიმენტებს თვითგადარჩენის ინსტიქტზე და კარგი ეგზემპლარები არიან ამ ექპერიმენტებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი აქაური ჩემი კოლეგა, კარგი მასალაა ამისთვის", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.