რუსეთში გაყალბებულ არჩევნებს ბარაკ ობამას ადმინისტრაცია გამოეხმაურა. ჰილარი კლინტონის შემდეგ ოფიციალური განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა გააკეთა. ჯეი კარნის განცხადებით, ვაშინგტონი შეშფოთებულია ეუთოს და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ წარდგენილი დასკვნებით. აშშ ასევე ამახვილებს ყურადღებას არჩევნების დღეს მედიასაშუალებების ვებ-გვერდებზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმებზე.
"შეშფოთებას გამოვთქვამთ 4 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების გამო, ამის მიზეზი ის დასკვნებია, რომელიც ეუთოს დამკვირვებლებმა წარადგინეს. საუბარია ბიულეტენების გაყალბებებზე, ამომრჩეველთა სიების გაზრდაზე და სხვა დეტალებზე. ასევე საყურადღებოა, რუსი და სხვა დამოუკიდებელი დამკვირვებლების ანგარიშები, მათ შორის არის ორგანიზაცია "გოლოსი". ასევე შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი მედიასაშუალებები კიბერთავდასხმების ობიექტები გახდნენ", _ აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვს არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამოძიებისკენ გუშინ გერმანიიდან აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ გავრცელებული ცნობები კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამომრჩევლისა და დამკვირვებლის უფლებათა დაცვას.