6 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება სამი ახალგაზრდა პიანისტის ბარბარე თათარაძის (8 წლის), ილია ლომთათიძის (8 წლის) და გვანცა ქობალიას (14 წლის) კონცერტი. ეს სამი პიანისტი 13 დეკემბერს, პარიზში საზეიმო გალაკონცერტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პიანისტთა საერთაშორისო ფონდის SOS TALENTS-ების მხარდასაჭერად ეწყობა.
კონცერტი მარსელ დასოს სასახლეში, ელისეის მინდვრებზე გაიმართება. ქართველი პიანისტების ხელშეწყობის მისია ცნობილი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის აქტიური მონაწილეობით გახდა შესაძლებელი. ქართველებთან ერთად SOS TALENTS წელს სხვადასხვა ქვეყნის 7 ახალგაზრდა პიანისტი წარმოადგენს.
კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და მასც მოწვეული სტუმრები, მუსიკოსები, პედაგოგები, მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრებიან.
ფონდი SOS TALENTS 10 წლის წინ ცნობილმა მუსიკოსმა და პედაგოგმა მიშელ სონიმ დააარსა. ფონდის ძირითადი იდეაა ახალგაზრდა ნიჭიერ პიანისტთა ხელშეწყობა საერთაშორისო სცენაზე დასამკვიდრებლად და მათი მუსიკალური კრეატიულობისა და წარმოსახვის განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა. ამჟამად ფონდში ირიცხება 12 წევრი სხვადასხვა ქვეყნიდან, ბევრი მათგანი კი ამავე ფონდის სტიპენდიანტია.
მიშელ სონისა და SOS TALENTS სახელს უკავშირდება ახალი თაობის წარმატებული ქართული გვარები, როგორიცაა ხატია ბუნიათიშვილი, თამარ და ნათია ბერაიები, ანა გოგავა, ანა ყიფიანი, შალვა გვენეტაძე, თედო დიაკონიძე, რომელმაც ახლახანს მოიპოვა "Grand Prix" ლიტვის საერთაშორისო ფესტივალზე.
გასულ წელს ფონდის დაფინანსებით ანა ყიფიანმა მონაწილეობა მიიღო ვერბიეს ფესტივალის მასტერკლასებში და გახდა ამავე ფესტივალის საპატიო ელჩი. 2012 წლის 8 იანვარს კი მონაწილეობას მიიღებს ახალი წლის საერთაშორისო ფესტივალში შვეიცარიაში.
FOUNDATION SOS TALENTS პარტნიორები და სპონსორები არიან დასო გრუპ (GROUPE DASSAULT), EURONEWS, MEZZO, TV5 MONDE, გაზეთი FIGARO და სხვა საერთაშორისო ჟურნალები და ტელევიზიები. ფონდი SOS TALENTS თანამშრომლობს დედოფალ ელიზაბეტის სახელობის ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსთან ბრიუსელში. ფონდის მიერ ორგანიზებული კონცერტები მრავალჯერ გადაიცა პირდაპირი ეთერით MEZZO -ზე, სადაც თედო დიაკონიძე და ანა ყიფიანი მონაწილეობდნენ. ისინი წელს ზაფხულში უკვე იმყოფებოდნენ მაესტრო მიშელ სონის მიწვევით შვეიცარიაში, სადაც ერთკვირიან მასტერ კლასებში მიიღეს მონაწილეობა. ამჟამად კი, პარიზის პრესტიჟული პუბლიკის წინაშე უნდა წარდგნენ. ასევე დაგეგმილია ბარბარე თათარაძის მონაწილეობა ვილნიუსის ახალგაზრდა პიანისტების საერთაშორისო კონკურსზე.