ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობის კანდიდატი" ალა ჯიოევა ოს სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითს მორიგ ულტიმატუმს უყენებს: "ბატონო კოკოითო, თქვენ ორი დღე დაგრჩათ. ორი დღის განმავლობაში თქვენ გაქვთ საშუალება თავი დაგვანებოთ და იმ ფულით, რომელიც თქვენ გაქვთ გაემგზავროთ და სადაც გნებავთ იქ გააგრძელოთ ცხოვრება", _ განაცხადა ჯიოევამ დღეს ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე გამართულ მიტინგზე ულტიმატუმის წაკითხვისას. აღნიშნული ინფორმაციით გავრცელებისას, რუსული მედია აღნიშნავს, რომ ამასთან ერთად, ჯიოევამ არ დააკონკრეტა თუ რის გაკეთებას აპირებს ოპოზიცია, იმ შემთხვევაში თუ კოკოითი მათ ულტიმატუმს არ მიიღებს და თანამდებობიდან არ წავა.
შეგახსნებთ, რომ დღეს ედუარდ კოკოითმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ამჟამად ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენები "ნარინჯისფერი ოპოზიციის" ერთ ერთი სახეობაა. კოკოითმა აღნიშნა ასევე ისიც, რომ ნებისმიერი ულტიმატუმი მისთვის მიუღებელია და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რევოლუცია არ გავა.