სეპარატისტულ აფხაზეთში არაოფიციალური ვიზიტით ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის წარმომადგენელი მეუფე ფროკოფი იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იგი სოხუმის კათედრალურ ტაძარში აფხაზეთის სასულიერო პირებსა და ე.წ. სახელმწიფო წმუნებულს რელიგიის საკითხებში რეზო კაციას შეხვდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრას ეპარქიალური საბჭოს წევრი სერგეი შამბაც ესწრებოდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ აფხაზეთის ე.წ. ეპარქიის ხელმძღვანელმა ბესარიონ აპლიამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი აფხაზი სასულიერო პირის დოროფეი დბარის საქციელის განხილვაა და 15 მაისს ახალ ათონში ჩატარებული შეკრება იყო.
"მე მამა ბესარიონმა დამპატიჟა იმისათვის რაღა აფხაზეთის სასულიერი პირები გავიცნო. ჩემთვის როგორც სასულიერო პირისათვის ძალიან საინტრესოა აქ ჩამოსვლა, ვინაიდან აქ მრავალი სიწმინდეა დაცული", _ განაცხადა მეუფე ფროკოფმა.
შეგახსნებთ, რომ დოროფეი დბარი აფხაზი სასულიერი პირების ახალგაზრდა ფრთის წარმომადგენელია, რომელიც მათთან ერთად, აფხაზეთის საეკლესიო საქმეებში რუსეთის საპატრიარქოს ჩარევას აპროტესტებს, რუსეთის ეკლესიის მხრიდან აფხაზეთში ტაძრების ხელმძღვანელად რუსი ღვთისმსახურების დანიშვნას ეწინააღმდეგება და აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას მოითხოვს.
ე.წ. აფხაზეთის ეპარქიის მმართველმა ბესარიონ აპლიამ და მისმა მომხრე სასულიერო პირებმა, აფხაზი სასულიერი პირების ახალგაზრდა ფრთა - ანდრეი ამპარი, დოროფეი დბარი და დავიდ სარსანია მწვალებლებად გამოაცხადეს, მათ მონანიებიკენ მოუწოდეს, მონანიებამდე მათთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტეს და მრევლს მათი ხელიდან ზიარების მიღებაზე კურთხევა არ მისცეს.
მეტიც, აპლიამ და მისმა მომხრეებმა, 15 მაისს ახალი ათონის მონასტერში გამართულ შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილება "ანაკოფიის მიტროპოლიის" შექმნის შესახებ ანტიკანონიკურად და მწვალებლურად გამოაცხადა.