„ქრისტიან-დემოკრატი" დათო ლორთქიფანიძე საფეხბურთო კლუბ ვანის „სულორისთვის" სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვს. ვანის საკრებულოს წევრმა და საპარლამენტო ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკრატების" აპარატის უფროსმა ამის შესახებ დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 1 ლიგის მატჩის დაწყებამდე განაცხადა. რუსთავში ერთმანეთს „ზოოვეტისა" და „სულორის" გუნდები ხვდებიან.
ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ვანის რაიონში შექმნილია გამგეობას დაქვემდებარებული სამსახურები-არასამეწარმეო არაკომერციული იურიდული პირები (ააიპ), რომელთა დაფინანსებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
„6 ააიპ-იდან ერთ-ერთია საფეხბურთო კლუბი ვანის „სულორი", შესაბამისი საშტატო ერთეულებითა და მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული დაფინანსებით. რაიონის 2011 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიონი ლარია, საიდანაც დაახლოებით 14% სპორტული და კულტურული ღონისძიებების, მათ შორის ვანის ,,სულორის" დასაფინანსებლად უნდა დაიხარჯოს, თუმცა უკვე 6 თვეზე მეტია რაიონის ხელმძღვანელობა არ აფინანსებს საფეხბურთო კლუბს, მაშინ როდესაც თანხები ბიუჯეტში გათვალისწინიბულია და 2011 წელი კი მთავრდება" - აცხადებს დათო ლორთქიფანიძე.
მისივე თქმით, „ქრისტიან-დემოკრატების" მოთხოვნაა ვანის მუნიციპალიტეტმა დაუყოვნებლივ დაფაროს დავალიანება, კომპეტენტურმა ორგანოებმა კი გამოიძიონ ამ მიმართულებით თანხების ხარჯვის მიზნობრიობა და დავალიანების წარმოშობის მიზეზები.