მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალს ფრანგი კინორეჟისორი ლეო კარაქსია დაესწრება. როგორც ფესტივალის ხელმძღვანელებმა პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, წელს საპატიო სტუმრებს შორის ცნობილი ფრანგი კინორეჟისორი ლეო კარაქსია იქნება, რომელიც საქართველოში ჩამოვა და ფესტივალს დაესწრება.
"ფესტივალის ფარგლებში საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება იხილოს ლეო კარაქსის, ფრანსუა ოზონის, როი ანდერსონის, ლივ ულმანის, ფრენსის ფორდ კოპოლას, მაიკ ლის, ალექსანდრ სოკუროვისა და სხვათა ნამუშევრები, თავად შეხვდეს და გაესაუბროს კინოფესტივალის მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან - რეჟისორებს, მსახიობებს, პროდიუსერებს. მოეწყობა აგრეთვე მასტერკლასები პროდიუსერებისთვის", - განაცხადა ფესტივალის დირექტორმა ნინო ანჯაფარიძემ.
როგორც კინოფესტივალის გენერალურმა დირექტორმა გაგა ჩხეიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა ფესტივალის ფარგლებში წელს საერთაშორისო კონკურსი "პრომეთე" არ ჩატარდება.
"იქიდან გამომდინარე, რომ ფილმების ჩამოტანა და სტუმრების უზრუნველყოფა საქართველოში ძალიან მაღალ ანაზღაურებას მოითხოვს, ჩვენ წელს საერთაშორისო კონკურსს "პრომეთეს" ვერ ჩავატარებთ. ღონისძიების მხარდამჭერებიდან შემოსული თანხა მთლიანად ხმარდება ორგანიზებას, ჩვენ ამ ეტაპზე კლასიკური ფესტივალის 50% -ს ვქმნით. სამწუხაროდ, ფინანსები მეტის საშუალებას არ გავძლევს", - აღნიშნა ჩხეიძემ.
ფესტივალს ეწვევიან რეჟისორები და პროდიუსერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - ესტონეთიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, ავსტრალიიდან, გერმანიიდან, შეერთებული შტატებიდან, ჩეხეთიდან, ისრაელიდან და ა.შ.
"თბილისის მერია უკვე რამდენიმე წელია კინოფესტივალის მხარდამჭერია. წელს ბიუჯეტი ცოტათი გაიზარდა და ფესტივალს ქალაქის მერია 50 ათასი ლარით დააფინანსებს. ვფიქრობ, რომ ძალიან ისიამოვნებენ ის ადამიანები ვისაც კინო უყვართ და ასევე, ისინი ვინც ჩვენთან სტუმრად ჩამოვლენ", - განაცხადა თბილისის კულტურული ღონისძიების ცენტრის დირექტორმა, ნეკა სებისკვერაძემ.
6-11 დეკემბერს თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგენილი ნამუშევრების ჩვენებას კინოთეატრ "ამირანში" მოეწყობა.
ღონისძიების ორგანიზატორია კინოხელოვნების ცენტრი "პრომეთე".
ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, შვედეთის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები საქართველოში, ეროვნული კინოცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, ბრიტანეთის საბჭო, ფრანგული ინსტიტუტი თბილისში. აგრეთვე სასტუმროები "თბილისი მარიოტი" და "ციტადინი"; კომპანიები - "თბილღვინო",O utdoor.ge, DHL; ჟურნალი "ცხელი შოკოლადი".
მასალის გამოყენების პირობები