ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი "პრეზიდენტობის" კანდიდატი, ალა ჯიოევა აცხადებს, რომ რუსეთის წარმომადგენელთან მოლაპარაკებები არაფრისმომტანია, ვინაიდან მას შეურაცხმყოფელ ბრალდებებს უყენებენ, დარღვევებს აბრალებენ და პირდაპირ მიუთითებენ, რომ მისი კანდიდატურა მიუღებელია. ეს განცხადება ჯიოევამ კრემლის ემისარ სერგეი ვინოკუროვთან მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა.
ამავე დროს, ალა ჯიოევა აცხადებს, რომ მისი ვარაუდით, კრემლის ჩინოვნიკები და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ერთ მხარეს არის და მას აიძულებენ აღიაროს უმაღლესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ. მეტიც, ჯიოევა ასევე აცხადებს, რომ ჩინოვნიკებს რუსეთის ხელისუფლებამდე არ მიაქვთ რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობა.
"რა აზრი აქვს ასეთ მოლაპარაკებებს, როდესაც ერთი მხარე თავის აზრზე დგას და არაფრის დათმობა არ უნდა და ჩემი მისამართით შეურაცხმყოფელ რაღაცეებს აცხადებს - როდესაც მე ღიად მეუბნებიან, რომ სახელმწიფოს მეთაურის დონეს არ შევესაბამები და თავს მახვევენ არარსებული ფალსიფიკაციების აღიარებას მე ეს მწყინს", _ აცხადებს ჯიოევა.
შეგახსენებთ, რომ ჯიოევა ბოლო რამდენიმე დღეა კრემლის ემისართან, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილესთან სერგეი ვინოკუროვთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
მასალის გამოყენების პირობები