საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამარტავენ, რომ კომისია არასოდეს ერეოდა და ერევა მაუწყებლის ტრანზიტის განმახორციელებელ საკაბელო ოპერატორების საქმიანობაში.
როგორც დღეს კომუნიკაციის კომისიის პრეს-სპიკერმა, ხატია ყურაშვილმა განაცხადა, შპს "რუსთავის მედიის მართვის კომპანიამ" კომისიისგან წერილობით მოითხოვა უზრუნველყოს საკაბელო ოპერატორების გაფრთხილება, რათა მათ გაწყვიტონ ტელეკომპანია "მაესტროს" სიგნალის გადაცემა.
როგორც ყურაშვილი განმარტავს, საკაბელო ოპერატორები მაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დამოუკიდებლად განსაზღვრავენ, მათ საკაბელო ქსელში ჩასასმელ სამაუწყებლო არხებს. კომისიის განმარტებით, "მაესტროს" მაუწყებლობას საფრთხე არ შეექმნება, რადგან მაუწყებელი ფლობს სიხშირეს, რომლის მიხედვითაც მაუწყებლობის განხორციელება შეუძლია მოძრავი სადგურის მეშვეობით.
კომისია მოუწოდებს დამფუძნებლებს და მათ კომპანიას მხოლოდ სამართლებრივი გზით გადაწყვიტონ არსებული დავა. ასევე დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებენ მისცენ საშუალება ტელეკომპანიის ჟურნალისტებს საკუთარი პროფილის საქმიანობა თავისუფალ და მშვიდ გარემოში შეასრულონ.