ფრაქცია ~ქრისტიან-დემოკრატები~ მარჩენალდაკარგულების და მეორე და მესამე ჯგუფის ინვალიდების დაზღვევას მთელი საქართველოს მასშტაბით მოითხოვენ.
დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ქრისტიან-დემოკრატებმა მაგდა ანიკაშვილმა და ჯაბა სამუშიამ განაცხადეს, რომ ქრისტიან-დემოკრატები მიესალმებიან თბილისის მერიის გადაწყვეტილებას მომავალი წლიდან მარჩენალდაკარგულების და მეორე და მესამე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებით უზრუნველყოფას.
~ეს იყო ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პარლამენტში 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს და დედაქალაქის მთავრობა აღმოჩნდა ერთადერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც გამოეხმაურა ჩვენ მოთხოვნას. თუმცა, ქრისტიან-დემოკრატებისთვის სრულიად მიუღებელია ამ პროექტის მიღმა საქართველოს რეგიონებში დასახლებული ადამიანების დატოვება. ჩვენი შეფასებით, ეს იქნება მოსახლეობის დისკრიმინაცია გეოგრაფიული ნიშნით~, - აღნიშნა მაგდა ანიკაშვილმა.
2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში უკვე შესულია, ამიტომ ფრაქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ყველა მარჩენალდაკარგულის და ყველა მეორე და მესამე ჯგუფის ინვალიდის დაზღვევა.
ანიკაშვილის განცხადებით, ასევე აუცილებლია სახელმწიფო დაზღვევის ყველა პაკეტში, გაიზარდოს მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტი. ხოლო, ყველა მოქალაქეს, რომელიც სარგებლობს სახელმწიფო დაზღვევით უნდა დაუბრუნდეს სადაზღვევო კომპანიის დამოუკიდებლად არჩევის უფლება.