დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროსა და ფიროსმანში მცხოვრები 235 ოჯახი, ყურძნის ფულის დავალიანების დაფარვას ითხოვს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაზარალებულმა გლეხებმა განუცხადეს, კუთვნილი ფულის აღებას 7 წელია უშედეგოდ ცდილობენ.
„2004 წელს, ყურძენი სოფელ ქვემო ქედის ღვინის ქარხანაში ჩავაბარეთ. ჩვენი დავალიანება საერთო ჯამში 538 ათასი ლარს შეადგენს. იმ პერიოდში ღვინის ქარხანამ „სახალხო ბანკიდან" კრედიტი აიღო, რომ ჩვენთვის თანხა გადაეხადა, თუმცა მხოლოდ თანხის ნაწილი გაგვისტუმრა. ღვინის ქარხანას ბანკის ვალი დაუგროვდა და ხელშეკრულების თანახმად მისი უძრავ-მოძრავი ქონება ბანკს უნდა გადასცემოდა. ამჟამად ღვინის ქარხნის ყოფილი დირექტორი საზღვარგარეთ იმყოფება. ქარხანა კი დაშალეს და გაყიდეს. ერთ-ერთი ჩვენი თანასოფლელი დახმარების სათხოვნელად პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც იმყოფებოდა, თუმცა პრეზიდენტამდე არ შეუშვეს. უთხრეს, რომ წერილით მოგვმართეთო. წერილიც გავაგზავნეთ, მაგრამ გვიპასუხეს, ეგ საკითხი ჩვენს კომპეტენციაში არ შედისო. ამდენი წელია უკვე კუთვნილი ფულის აღებას ვითხოვთ, მაგრამ სამართალს ვერ ვპოულობთ. პრეზიდენტს ვთხოვთ, რომ ეს ფული აგვაღებინოს. სოფელი განადგურების პირას არის, უმეტესობამ ვენახები გავჩეხეთ", - აღნიშნეს დაზარალებულმა გლეხებმა.