გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) სასტუმრო "რედისონში" მედიის წარმომადგენლებისთვის ადეკვატური საცხოვრებლის უფლების თემაზე სამუშაო შეხვედრას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენი" გაერო-ს საქართველოს წარმომადგენლობის ოფისიდან აცნობეს, შეხვედრას ხვალ ჟენევიდან მოწვეული ექსპერტი ბაჰრამ გაზი გაუძღვება, რომელიც ადეკვატური საცხოვრებლის უფლებაზე ისაუბრებს და მის მნიშვნელობას განმარტავს. ასევე, შესაბამის მეთოდოლოგიასა და პრობლემურ საკითხებს განიხილავს.
"მიუხედავად იმისა, რომ ადეკვატური საცხოვრებლის უფლებას ცენტრალური ადგილი უკავია გლობალურ სამართლებრივ სისტემაში, დღეისათვის მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ პირობებში, მათ შორის ღატაკთა არაფორმალურ დასახლებებში, რაც შეუსაბამოა ადამიანის უფლებებსა და ადამიანის ღირსებასთან",-აღნიშნულია გაეროს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იმავე განცხადების თანახმად, საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, სოფლად მცხოვრები ქალები, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანები, მათ შორის ბავშვები და ხანდაზმულები განსაკუთრებულ პრობლემებს აწყდებიან არაადეკვატური საცხოვრებელი პირობების გამო. ამ მხრივ საქართველოც რიგი გამოწვევების წინაშე დგას.