ყვარლის რაიონის სოფელ გრემში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სათემო სახლი გაქურდეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის პოლიციაში განუცხადეს, შემთხვევა 01 იანვარს ღამით მოხდა. ქურდებმა სეიფი გატეხეს, საიდანაც 27 000 ლარი წაიღეს.
სათემო სახლის მენეჯერის ნატო მოსიაშვილის განცხადებით, თანხის გარდა სხვა არაფერი წაღებული და დაზიანებული არ არის.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას ყვარლის პოლიცია აწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ ყვარლის სათემო სახლის ახალი შენობა, 2009 წლის 21 დეკემბერს, საქართველოში აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა გახსნა. სახლის მშენებლობა მთლიანად აშშ-მ დააფინანსა და პროექტი 309 223 ლარი დაჯდა.