თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი კონსერვატორიის დიდ დარბაზში თეატრის ორკესტრთან პირველად დაუკრავს ახალგაზრდა ქართველი პიანისტი თათია შარანგია -შევარდნაძე, რომელიც შეასრულებს რობერტ შუმანის საფორტეპიანო კონცერტს a moll, op.54.
3 დეკემბერს 19.00 საათზე კონცერტზე მსმენელი, ასევე ფრანც შუბერტის მუსიკას - უვერტიურას "იტალიურ სტილში" და "დაუმთავრებელ" სიმფონიას მოისმენს. კონცერტს თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი, დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო წარუძღვება.
აღსანიშნავია, რომ შარანგია-შევარდნაძემ საბერძნეთში გამართულ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში (Konzerteum in Greece) მოიპოვა I პრემია და ლაურეატის წოდება, ლიტვაში გამართულ კონკურსზე (Gradus ad Parnassum) კი გახდა გრან პრის მფლობელი და ასევე გადაეცა სპეციალური პრიზი ბაროკოს სტილის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის. საფრანგეთში სწავლის პერიოდში თათიას გამართული აქვს კონცერტები პარიზის ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორებიცაა: ლანდოვსკის სახელობის დარბაზი, რუსული კულტურის ცენტრი, ფორეს სახელობის დარბაზი, მუზეუმი Grand Palais.