ცხინვალის ცენტრში ღამე 700-მა დემონსტრანტმა გაათენა. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევა სამმხრივი მოლაპარაკების დაწყებას აპირებს. ამ პროცესში კოკოითის მთავრობა და რუსული მხარეც იქნება ჩართული. ამის შესახებ ჯიოევამ რუსეთის უშიშროების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გუშინ ოკუპირებული რეგიონის ძალოვანებმა ე.წ. ცესკო-ს დასაცავად ჰაერში ცეცხლიც გახსნეს.
"ჩვენი პირველი მოთხოვნა უზენაესი სასამართლოდ გადაწყვეტილების ბათილად ცნობაა. არჩევნების შედეგები და ყველა დოკუმენტი ხალხს უნდა გადაეცეს. ჩვენ ამჟამინდელ პრეზიდენტს და მის ოჯახს კანონიერ იმუნიტეტს ვპირდებით. უკვე მივმართეთ პრეზიდენტ მედვედევს და პრემიერ პუტინს და ახლა მათ რეაქციას ველოდებით. თუ ის დროული არ იქნება საერთაშორისო საზოგადოებასაც მივმართავთ. არავის შეუძლია ჩვენი გამარჯვების მოპარვა", - განაცხადა ჯიოევამ.