საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს გამთენიისას განმუხურში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში კიდევ ერთხელაა აღნიშნული, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე რუსეთის მხარისა და მისი მარიონეტული რეჟიმების მიერ ხორციელდება თავხედური თავდასხმები, რომელთა მიზანს ქართული მხარის პროვოცირება და რეგიონში არსებული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა წარმოადგენს.
“საქმე გვაქვს დანაშაულებრივი ქმედებების ჯაჭვთან, რომლის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე რეგიონებში უკვე დაიღუპა 10 და დაიჭრა ათობით ქართველი სამართალდამცველი, დაშავდა მრავალი მშვიდობიანი მოსახლე. საერთაშორისო საზოგადოებისათვის ცხადია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საფრთხის წყაროს რუსეთი და მისი შეიარაღებული ძალები წარმოადგენს. ნათელია ისიც, რომ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად პირველი რიგის ამოცანაა ქმედითი საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელება სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებულ და კონტროლირებად ტერიტორიებზე. საერთაშორისო დამკვირვებლებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უპირველეს ყოვლისა კი ოკუპირებულ რეგიონებში, გადაადგილების სრული თავისუფლება და მანდატით გათვალისწინებული ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების საშუალება უნდა მიეცეთ”, _ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ქართული მხარე კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსულმა მხარემ სრულფასოვნად უნდა შეასრულოს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრული დეოკუპაცია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თავის მტკიცე პროტესტს ქართული მხარის წინააღმდეგ განხორციელებულ მორიგ პროვოკაციასთან დაკავშირებით და იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება რეგიონებში უსაფრთხოების მყარი გარანტიების უზრუნველყოფა და უკონტროლო და სახიფათო მოვლენების განვითარების თავიდან აცილება.
შეგახსენებთ, რომ დღეს 4 იანვარს 08:00 საათზე გალის რაიონის სოფელ განმუხურში მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. სროლა განხორციელდა გალის რაიონის სოფელ ფიჩორიდან როგორც ავტომატური იარაღის, ისე ყუმბარმტყორცნების გამოყენებით. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
მასალის გამოყენების პირობები