დღეს, 29 ნოემბერს, 14:00 საათზე, მერიის წინ ქართული მედიის წარმომადგენლები გამართავენ საპროტესტო აქციას "პროტესტი ქართული მედიის გადასარჩენად. ერთად დავუპირისპირდეთ ხელისუფლების ბრძოლას ბეჭდური მედიის წინააღმდეგ!" მედიასაშუალებებმა აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელეს, რომელსაც "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:
"მიმართვა - საზოგადოებას, ხელისუფლებას, დიპლომატიურ კორპუსს და ყველა დაინტერესებულ პირს! ჩვენ, ქართული მედიის წარმომადგენლები, მივიჩნევთ, რომ თბილისის მერიის პროექტს სათაურით "მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა", სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნასთან, ის მიმართულია ბეჭდური მედიის გავრცელების არსებული სისტემის ნგრევისაკენ და რეალურ საფრთხეს უქმნის თავისუფალ სიტყვას. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლებში ხელისუფლება არაერთხელ შეეცადა თავისუფალი პრესის კონტროლქვეშ მოქცევას. აუქციონების გამართვის საბაბით, ამ დღეებში იძულებით შეაწყვეტინეს საქმიანობა არსებული საგაზეთო ჯიხურების ნაწილს. თბილისის მერიის ბოლო ნაბიჯები უკვე დაეტყო ქართული ბეჭდური მედიის ტირაჟებს. ყოველივე ეს სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უქმნის ჟურნალებს და გაზეთებს და აფერხებს თავისუფალი სიტყვის მიღწევას საზოგადოებამდე. ჩვენ ამ ნაბიჯებს განვიხილავთ ქვეყნის განვითარების, საზოგადოების ინტერესების, მედიისა და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ გადაწყვეტილებებად. ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერნი, მოვუწოდებთ და მოვითხოვთ თბილისის მერიისგან ბეჭდვითი მედიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შეჩერებას. მოვითხოვთ რომ ეს ე.წ. "ჯანსაღი კონკურენციის" საფარქვეშ მოქმედი აუქციონი არ შეეხოს იმ ჯიხურებს, სადაც უკვე წლების განმავლობაში ტრადიციულად იყიდება პრესა და შესაბამისად თბილისში დარჩეს თავისუფლების კუნძულები სადაც მოქალაქეს შეეძლება ინფორმაციის მიღება და საკუთარი აზრის გამოტანა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე".
მიმართვას ხელს აწერენ საქართველოს პრესის ასოციაცია; საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია; ალია; ასავალ-დასავალი; არსენალი; ახალი თაობა; АиФ; ბომონდი; გზა; GEORGIAN JOURNAL; გუმბათი; და ქალი; ერუდიტი; ვერსია; თბილისელები; ისტორიანი; კარუსელი; კვირის პალიტრა; კვირის ქრონიკა; ლელო; ლიტერატურული პალიტრა; მესინჯერი; მკურნალი; მსოფლიო სპორტი; ოლიმპი; რეზონანსი; რეიტინგი; სარკე; საერთო გაზეთი; სიტყვა და საქმე; საქართველოს რესპუბლიკა; საქართველო და მსოფლიო; ყველა სიახლე; ტვ. ინფოზავრი; ქართული სიტყვა; ლიბერალი; ინტერნეტგამოცემები; საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი"; საინფორმაცია სააგენტო "პირველი"; საინფორმაციო სააგენტო "ექსპრესნიუსი"; მედია.ჯი; ჩემი ხარაგაული; გურია ნიუსი; სპექტრი; ქართლის ხმა; აჭარა P.შ; P.შ..