საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცენტრალური მაგისტრალის გორის მონაკვეთზე კომპანიების "ვისოლისა" და "სოკარის" მულტიფუნქციური კომპლექსები გახსნა. ბენზინგაზგასამართი სადგურების გარდა, ისინი დასვენებისა და გართობის ობიექტებსაც მოიცავს. მათ შორისაა სწრაფი კვების ობიექტები, სუპერმარკეტები, ავტოსადგომები, სავალუტო და საბანკო მომსახურებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრები.
"ვისოლისა" და "სოკარის" მრავალფუნქციური კომპლექსები გერმანელმა არქიტექტორმა იურგენ მეიერმა დააპროექტა. საქართველოს პრეზიდნეტი დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა. მან პროდუქტების ფასებიც გაიგო.
"შეიძლება ვინმემ თქვას, ასფალტს ხომ არ გადავუსვამთ პურსო, მაგრამ ეს ქმნის განვითარებას, სამუშაო ადგილებს, სიმდიდრეს ქვეყანაში. ასეთი დაჩქარებული ტემპებია საჭირო, რადგან ძალიან ბევრი რამე გავქვს გასაკეთებელი და ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი. გვირაბი აშენდა ძალიან სწრაფად. შეიძლება გინესის რეკორდშიც შევიდეთ ასეთი ტეპით. ვიღაცები იტყვიან, რომ უხარისხოდ არის, გვლანძღონ, მაგრამ ვინც არ აკეთებს, იმას ხარისხსაც ვერ დაუწუნებენ. ვინც არ ქმნის და არ მუშაობს, იმას ვერც შეცდომებში დაადანშაულებენ. რაც ახლა შეიქმნა, უმაღლესი არქიტექტურული ნაგებობებია", - განაცხადა პრეზიდენტმა.
დასვენებისა და მომსახურების ცენტრები დღეიდან უკვე ფუნქციონირებს და ნებისმიერ მგზავრს, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალზე გაივლის, შეუძლია, ამ ადგილებში შეიაროს და მიიღოს მაქსიმალურად მაღალი ხარისხის მომსახურება.