თბილისის მოდის კვირეული დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა თეატრალიზებული ჩვენებით დახურა. "გრატო პასაჟში" დიზაინერმა "შემოდგომა-ზამთარი 2012"-ის კოლექცია ყვითელი ფოთლებით გაფორმებულ პოდიუმზე და ჩვენების ბოლოს ხელოვნური თოვლით წარადგინა.
როგორც დიზაინერმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, კოლეციით მან ძლიერი და მდიდრული ქალი წარმოაჩინა.
"ძლიერი, მდიდრული ქალი შევქმენი. მასალად მქონდა გამოყენებული აბრეშუმი, ტრიკოტაჟი, ტყავის დეტალები და სირაქლემას ბუმბული", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა.
მოდელი სალომე ღვინიაშვილი სპეციალურად სულიკაშვილის ჩვენებისთვის საქართველოში ერთი დღით ადრე ჩამოვიდა და სწორედ მან გახსნა სულიკაშვილის კოლექცია.
"ძალიან ბედნიერი ვარ, დათუნას კოლექციის ჩვენებაში რომ ვიღებ მონაწილეობას, ამისთვის სპეციალურად 1 დღით ადრე ჩამოვედი. დათუნას შექმნილმა სამოსმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. როგორც კოლექცია. ასევე შოუ ძალიან კარგი იყო", - აღნიშნა ღვინიაშვილმა.
ჩვენება ქრისტი ყიფშიძემ საქორწინო კაბით დახურა.
შეგახსენებთ, რომ დათუნა სულიკაშვილის ჩვენებით თბილისის მოდის კვირეული დასრულდა, რომელმაც სტარტი 24 ნოემბერს აიღო. მასში მონაწილეობას საქართველოში და ასევე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი დიზაინერები იღებდნენ.