ხვალ, 29 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში პრემიერა გაიმართება, სადაც ნახევრად საკონცერტო შესრულებით წარმოდგენილი იქნება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის გიორგი ჩლაიძის ოპერა "დარისპანის გასაჭირი". სპექტაკლი 30 ნოემბერსაც იქნება წარმოდგენილი.
დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით დადგმული ახლებური ვერსიის ლიბრეტო ვარლამ ნიკოლაძეს ეკუთვნის. სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია ჯანლუკა მარჩიანო, დამდგმელი რეჟისორი _ დავით საყვარელიძე.
საპრემიერო წარმოდგენებში მონაწილეობას მიიღებენ თეატრის გუნდი, ორკესტრი; მთავარ პარტიებს შეასრულებენ მომღერლები: ლაშა რამიშვილი (დარისპანი), ელენე ჯანჯალია (მართა), მზია დავითაშვილი (პელაგია), მამუკა ტეფნაძე (ონისიმე), ნინო ჩაჩუა (კაროჟნა), მანანა იორდანიშვილი (ნატალია), თამაზ საგინაძე (ოსიკო).
სპექტაკლები გაიმართება მთავრობის კანცელარიის დარბაზში, სადაც ოპერისა და ბალეტის თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოს პერიოდში სარეპეტიციო მომზადებას გადის ოპერის შემოქმედებითი კოლექტივი.