ქართველ მეზღვაურებს ევროკავშირის სივრცეში საქმიანობის უფლება დაუბრუნდებათ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის მხრიდან უახლოესი აუდიტის ჩატარება 2012 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.
სამინისტროს ინფორმაციითვე, საქართველოს, როგორც საზღვაო სახელმწიფოს, მიერ განხორციელებული რეფორმები საზღვაო ტრანსპორტის სფეროში და სომალელი მეკობრეების პრობლემის უსწრაფესად გადაწყვეტა იყო საქართველის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას მოხსენების მთავარი თემები საერთაშორისო საზღვაო ასოციაციის ასამბლეაზე, რომელიც ლონდონში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ვერა ქობალია პირველი ქართველი მინისტრია, რომელიც მსგავს ფორუმში მონაწილეობდა. ასამბლეის სხდომაზე ვერა ქობალია ქართველი კაპიტნების თანხლებით მივიდა. ისინი მსოფლიოს წამყვანი სატრანსპორტო კომპანიების გემებს ხელმძღვანელობდნენ.
ასამბლეას მსოფლიოს 170 ქვეყნის დელეგაცია დაესწრო, რომელთა შორისაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია ვერა ქობალიას მიერ ნახსენებმა მეკობრეობის პრობლემამ. სომალელ მეკობრეებს ამ ეტაპზე, 15 ქართველი ჰყავთ დატყვევებული, ამასთან, ბოლო 4 წელია, სომალელ მეკობრეებს 4 ათასზე მეტი მეზღვაური ჰავდათ დატყვევებული. მათი უმეტესობა წამყვანი საზღვაო ქვეყნებიდან იყვნენ. ვერა ქობალიამ კოლეგებს ამ პრობლემის მოგვარების კოორდინირებული სამოქმედი გეგმის მიღება შესთავაზა. მისი განცხადებით, ეს პრობლემა დროულად უნდა მოგვარდეს, რადგან უკვე დღეს სომალელ მეკობრეებს სხვა მიმდევრებიც გამოუჩნდნენ აფრიკის კონტინენტის სხვა ქვეყნებიდან, სადაც ტყვეთა მომავალი ხშირად გაცილებით ტრაგიკულია.
ასამბლეის ფარგლებში, ვერა ქობალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა როგორც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ისე კოლეგებთან მალტიდან და კვიპროსიდან. შეხვედრებისას მინისტრმა დეტალურად ისაუბრა რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს საზღვაო ტრანსპორტის სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მიმართულებით. მათ შორისაა, მეზღვაურთა განათლების სისტემის სრული რეორგანიზაცია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე. აგრეთვე საგულისხმოა სექტორის ანტიკორუფციული სტრატეგია და გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო საზღვაო გადაზიდვების სფეროში უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ამ მიზნების შესრულებაში პარტნიორობას უწევენ საერთაშორისო საზღვაო ექსპერტები, მათ შორის, კვიპროსიდან და მალტიდან. ევროკავშირის სანქციების გაუქმებამდე უნდა ჩატარდეს ადგილობრივი საზღვაო სექტორის საერთაშორისო აუდიტი, რომლის პოზიტიურად შეფასების შემთხვევაში, ქართველ მეზღვაურებს ევროკავშირის სივრცეში საქმიანობის უფლება დაუბრუნდებათ. უახლოესი აუდიტის ჩატარება 2012 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.