დღეს, 27 ნოემბერს, 13:00 საათზე, თბილისის მოდის კვირეულის მეოთხე დღეს, თბილისი ივენთ ჰოლში დამწყები დიზაინერები თავიანთ მინი კოლექციებს წარმოადგენენ. 17 ახალბედა ხუთ-ხუთი ნამუშევრით წარსდგება ჟიურის წინაშე, რომელიც მათგან ერთ გამარჯვებულს გამოავლენს. პროექტი მიმდინარეობს თბილისის სამხატვრო აკადემიის, გოეთეს ინსტიტუტისა და ბრითანეთის საბჭოს მხარდაჭერით. სწორად ეს ორი საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია დააწესებს პრიზებს გამარჯვებულისთვის.
20:00 საათზე - თბილისის მოდის კვირეულის ბოლო, მეოთხე საღამოს, თბილისი ივენთ ჰოლი 2 კოლექციის ჩვენებას უმასპინძლებს. სტამბულიდან თბილისში სპეციალურად თბილისის მოდის კვირეულზე დაბრუნებული რამაზო რომა, პირველად გამართავს გრანდიოზულ შოუს, რომელეც სპეციალურად უკრაინიდან ჩამოსული, 5 მოდელი გამოვა. ასევე, რამაზოს ჩვენებაზე პოდიუმზე ვიხილავთ „მის შვიდი კონტინენტი 2010"-ს, ოქსანა კლოჩკოვას, რომლის თმასა და მაკიაჟზე სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული, ბაქოს №1 სტილისტი, ანგან აკაგჩიევი იზრუნებს.
21:00 საათზე თბილისი ივენთ ჰოლში გაიმართება ტანდემის „უტა-ლევანი" ჩვენება, რომელიც ნიუ-იორკში და ბუენოს აირესში მომუშავე, ორ ქართველ დიზაინერს აერთიანებს.
და ბოლოს, 22:30 საათზე რიგით მეხუთე თბილისის მოდის კვირეულის ბოლო ჩვენებას საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია" უმასპინძლებს. დათუნა სულიკაშვილის კოლექციის ჩვენებას 500-ზე მეტი სტუმარი დაესწრება და ის საკმაოდ უჩვეულო სივრცესა და ვითარებაში გაიმართება. ჩვენების ყველა დეტალი გასაიდუმლოებულია.
შეგახსნებთ, რომ თბილისის მოდის კვირეული კომპანია "ჯეოფეშენის" ორგანიზებით 24-27 ნოემბერს გაიმართა.