დღეს, 26 ნოემბერს, 23:00 საათზე, კაფე "RULES"-ში, გ. ტაბიძის 3/5 გაიმართება კატალოგ "The Look Book"-ის პრეზენტაცია. კატალოგი გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. კატალოგის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს: Tbilisi Fashion Week-მა და Georgian Fashion Week-მა.
160-გვერდიანი კატალოგი რომელიც 52 თანამედროვე ქართველ მოდის დიზაინერს ერთ გამოცემაში აერთიანებს, შეიცავს ინფორმაციას მოქმედი ქართველი დიზაინერების შესახებ, რომლებმაც 2009-11 წლებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში გამართულ მოდის კვირეულებში Tbilisi Fashion Week და Georgian Fashion Week, როგორც უკვე შემდგარმა დიზაინერებმა.
დიზაინერთა მონაცემები კატალოგში ანბანის მიხედვით არის განთავსებული. კატალოგში გამოყენებულია მოდის კვირეულებზე გამართული ჩვენებების დროს გადაღებული ფოტომასალა. თითოეულ დიზაინერს ეთმობა 2-იდან 4 გვერდამდე, სადაც მოცემულია: ინფორმაცია დიზაინერის შესახებ; მათ მიერ მოდის კვირეულებზე წარმოდგენილი ნამუშევრები და, რიგ შემთხვევაში მათი ესკიზები. კატალოგის ბოლოს მოცემული 2-გვერდიანი დანართი შეიცავს გამოცემაში შესული ყველა დიზაინერის საკონტაქტო ინფორმაციას. კატალოგი გამოცემულია ინგლისურ ენაზე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის მისი, როგორც საერთაშორისო ცნობარის გამოყენების საშუალებას.
The Look Book გამოადგება მოდის სფეროში მომუშავე ნებისმიერ პროფესიონალს, განსაკუთერბით კი მათ, ვინც ეწევა ქართული მოდის პოპულარიზაციას საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ. კატალოგი ასევე საინტერესო იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს თანამედროვე ქართული მოდა.
პროექტის ავტორებსა და ამავდროულად კატალოგის შემქმნელებს, ანი ერისთავს და მარინა ბალავაძეს აქვთ 6 წლის გამოცდილება საგამომცემლო სფეროში. ანი და მარინა სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ისეთი ცნობილი ჟურნალების გამოცემაზე, როგორიცაა "კოსმოპოლიტენი", "ფორბსი", "მეცნიერება და ცხოვრება მოზარდებისთვის". ამასთან, ბალავაძეს აქვს 10 წლის მუშაობის გამოცდილება გრაფიკული დიზიანის სფეროში, ერისთავი კი არის პროფესიონალი ჟურნალისტი და აქვს მოდის სფეროსთან მუშობის დიდი ხნის გამოცდილება.