რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დარბაზში იუბილეს ან რაიმე ღონისძიების მოწყობისთვის ფულადი ტარიფებია დაწესებული. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადმინისტრატორმა ნესტან მიქაძემ განუცხადა, თანხის რაოდენობა სეზონის მიხედვითაც მერყეობს.
"თუ ზამთარია, გათბობა სჭირდება დარბაზს, რაც დამატებით თანხებს საჭიროებს. ზაფხულში ეს პრობლემა მოხსნილია. ვინც იცის რუსთაველის თეატრის სივრცე და მისი ისტორიული ფასეულობა, გაიგებს, რომ თეატრში 100 და 200 ლარი ვერ იქნება გადასახდელი და ასე ადვილი არ არის ღონისძიების მოწყობა ფინანსების გარეშე, თუმცა ჩვენთან საქველმოქმედო საღამოებიც ეწყობა, თუ პარტნიორები გამოჩნდებიან ხოლმე", - განაცხადა მიქაძემ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მწერალთა კავშირის წევრმა, რეზო მიშველაძემ განუცხადა, თეატრები თანხებს ხელოვნურად ზრდიან, რის გამოც გალაკტიონ ტაბიძის იუბილეც ვერ გამართეს.
"თანამედროვე მზარდი ეკონომიკის პირობებში მწერალთა კავშირს საკუთარი ხარჯებით არ შეუძლია თეატრების ხელოვნურად გაზრდილი თანხების დაფარვა. აქედან გამომდინარე, ვდგავართ პრობლემის წინაშე", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მიშველაძემ.
პოეტმა რეზო ამაშუკელმა კი რუსთაველის თეატრში 75 წლის იუბილეზე "რობერტ სტურუას ხათრით" 3 ათასი ლარი გადაიხადა.
"იმ საღამომაც დააჩქარა რობიკოს გათავისუფლება. როცა ფული მთხოვეს, რომ რუსთაველის თეატრში იუბილე გადამეხადა, ამაზე რობიკო აყვირდა. მერე რობიკოს ხათრით 3 ათასი გადამახდევინეს. ის საღამო მაგათი განაჩენია", - აღნიშნა ამაშუკელმა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სხვადასხვა თეატრის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ღონისძიების ან საიუბულეო საღამოების მოწყობა ყველგან ფასიანია, თუმცა ტარიფები ყველგან სხვადასხვაა. ზუსტი თანხის დასახელებისგან თეატრის თანამშრომლები თავს იკავებენ.
"არ არის კომუნისტების დრო, რომ ყველას, სადაც უნდა და როგორც უნდა, ისე გამართოს საღამოები. ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მაგალითად, გრიბოედოვის თეატრში 230-კაციან დარბაზში 1700 ლარია გადასახდელი, 700-კაციანზე, რა თქმა უნდა თანხა, იწევს. შაბათ-კვირას უფრო მეტია, ვიდრე სამუშაო დღეებში. ასევე, გააჩნია რა უნდათ, ზოგი დეკორაციის შეცვლას გვთხოვს ხოლმე. გვესმის, რომ ხელოვანი ადამიანების დამსახურება დიდია ქვეყნის წინაშე, მაგრამ თეატრს თავის პრობლემა აქვს. განათება, გათბობა, მომსახურე პესონალი - ყველაფერში თანხაა საჭირო.", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გრიბოედოვის თეატრის ტექნიკურმა დირექტორმა, თრონიკე ღლონტმა.