"ნიკო ბერიძეს "ჯეოსტარში" ვერ დავაბრუნებთ, წესდებაში უკვე გაწერილია და მისი პროექტში შემოსვლა ვეღარ მოხერხდება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მარინა ბერიძემ.
კონკურსანტმა ნიკო ბერიძემ 21 ნოემბერს მუსიკალური პროექტი ხმათა უმცირესობით დატოვა. რამაც საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. სოციალურ ქსელ facebook-ზე სპეციალური გვერდები შეიქმნა, სახელწოდებით "დავაბრუნოთ ნიკო ჯეოსტარში" ან "აღარ ვუყუროთ ჯეოსტარს" და ა.შ. ასევე, ნიკოს გულშემატკივრები მომავალ საკონკურსო დღეს, ფილარმონიის წინ აქციასაც გეგმავენ, თუმცა ამის შედეგს მარინა ბერიძე ვერ ხედავს.
"ჩვენს საზოგადოებას საწყლები მოწონს და ასეთებს უმესიჯებენ. გვეგონა, ამ ხნის განმავლობაში მაყურებელი გავზარდეთ, თუმცა ამ ფაქტმა აჩვენა, რომ ეს ასე არაა. აქცია და მსაგავსი ქმედებები სისულელედ მიმაჩნია, ის ვეღარ დაბრუნდება პროექტში, მაგრამ ეს ყველასთვის გაკვეთილი უნდა იყოს. რადგან ნიკო "ქეთო და კოტეში" მღერის და კარგი მუსიკალური მონაცემები აქვს, გულშემატკივრებს ეგონათ, გადარჩებოდა და სხვის ზარებს ელოდებოდნენ. მოხდა ის, რაც არ მომხდარა არასდროს, მაყურებელმა უმტყუნა", - აღნიშნა ბერიძემ.
ნიკო ბერიძე პროექტის გამოთიშვის შემდეგ განაგრძობს "მუსიკალურ ცხოვრებას". ის რუსთაველის თეატრში მიუზიკლში "კოტეს" როლს ასრულებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მარინა ბერიძემ განუცხადა, ნიკო ესწრება "ჯეოსტარის" რეპეტიციებს და მან შესაძლებელია, გალაკონცერტზე შეასრულოს ერთი სიმღერა.