"საქსტატის" ინფორმაციით, 2011 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებად თურქეთი (1217 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (792 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (691 მლნ. აშშ დოლარი) რჩება.
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 371 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 21 პროცენტი. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 218 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში - 13 პროცენტს. მესამე ადგილზე შავი ლითონების ჯართის ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 108 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7322 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 39 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1739 მლნ. აშშ დოლარი იყო (42 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 5583 მლნ. აშშ დოლარი (38 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2011 წლის იანვარ-ოქტომბერში 3845 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (36 პროცენტით მეტი).