დღეს, 24 ნოემბერს, 18:00 საათზე, თიბისი გალერეაში კლასიკოსი ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნის „ნაწარმოებთა სრული კრებულის" მეშვიდე ტომის პრეზენტაცია გაიმართება, რომლის საშუალებითაც დოჩანაშვილის, როგორც პოეტის, ერთგვარი დებიუტიც შედგება.
წიგნში შესულია ერთადერთი პოეტური ნაწარმოები, სახელწოდებით „მოწყალებანი", რომელიც გურამ დოჩანაშვილმა დაახლოებით 40 წლის წინ შექმნა და რომელიც არასოდეს გამოქვეყნებულა. შესაბამისად მკითხველს მისი წაკითხვის საშუალება პირველად მიეცემა.
გარდა მხატვრული ნაწილისა, ამ გამოცემაში შესულია გურამ დოჩანაშვილის მიერ სხვადასხვა დროსა და შემოქმედებით ეტაპზე დაწერილი წერილები, ჩანაწერები, საუბრები ლიტერატორებთან, (მათ შორის ინტერვიუ ნიკო ჭავჭავაძესთან, გიორგი შატბერაშვილთან, იოსებ ნონეშვილთან და ა.შ). ამავე ტომში მკითხველი ნახავს გურამ დოჩანაშვილის ბოლოდროინდელ პროზაულ ნაწარმოებს „არის და იყოც უცნაური, ადამიანიც, წუთისოფელიც", რომელიც მწერალმა დაახლოებით სამი წლის წინ, ცალკე წიგნად გამოაქვეყნა.
გურამ დოჩანაშვილის „ნაწარმოებთა სრული კრებული" გამომცემლობა „მერიდიანმა" გამოსცა. პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს წიგნის შეძენის, გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრისა და მისგან ავტოგრაფის მიღების საშუალებაც ექნებათ.