მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალხაზ მიქელაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა გვატემალის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალვარო კოლომს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ცერემონიის ფარგლებში გამართული საუბრისას საქართველოს ელჩმა და გვატემალის რესპუბლიკის პრეზიდენტმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.
მალხაზ მიქელაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ინტერესს, განავითაროს პარტნიორული ურთიერთობები არა მარტო გვატემალასთან, არამედ ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნებთანაც, მათ შორის, რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში. თავის მხრივ, პრეზიდენტმა კოლომმაც გამოხატა თავისი ქვეყნის სურვილი, გააღრმაოს თანამშრომლობა საქართველოსთან.