"ქრისტიან-დემოკრატები" 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს მხარს არ უჭერენ. ამის შესახებ ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა მაგდა ანიკაშვილმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
ანიკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო არაერთ პროგრამას აფინანსებს, სახელმწიფოს წილი მცირეა იმ თანხებში რასაც მოქალაქეები საკუთარი ჯიბეებიდან იხდიან.
ანიკაშვილმა საშუალო ასაკის ადამიანებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საშუალო ასაკის ადამიანები, ვერ ყიდულობენ სადაზღვევო პაკეტს. მისივე განცხადებით, საშუალო ასაკის ადამიანები ვერ ახერხებენ სამუშაო ადგილის მოძებნას და დასაქმებული ადამიანებიც კი ვერ ახერხებენ საჭირო თანხის გადახდას სადაზღვევო პაკეტში.
"ძალიან გთხოვთ, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს ნაწილი გავმიჯნოთ, სოციალურ სფეროზე მოდის დაფინანსების დიდი ნაწილი და ძალიან მცირე ნაწილი მოდის ჯანდაცვაზე", - აღნიშნა ანიკაშვილმა.