უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიენიჭათ. ამის შესახებ პარლამენტმა დღეს "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ"კანონი საბოლოოდ დაამტკიცა.
ცვლილებების თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე, რომელიც არის იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროება ვიზა, უფლებამოსილია ვიზის გარეშე გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 დღისა.
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა იქნება საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძველი.
ასევე, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეს ენიჭება სახელმწიფო სასწავლო გრანტის და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება. სახელმწიფოს მიერ ზოგადი განათლების დაფინანსება აგრეთვე გავრცელდება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეზე. სპორტის შესაბამის სახეობაში საერთაშორისო ფედერაციის თანხმობის შემთხვევაში, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სპორტულ შეჯიბრებებში საქართველოს სახელით ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.