საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საბჭოთა კავშირის აღდგენის ნებისმიერი მცდელობა დღევანდელი რუსეთის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
"დღევანდელ რუსეთის ხელმძღვანელობას ხელში შემოეფხვნება ახალგორის, ანაკლიის და სხვა ახალი ხელოვნული კედლები ისევე, როგორც მაიორ პუტინს შემოეფშხვნა ბერლინის კედელი. თავისუფლების იდეა გაიმარჯვებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და დარწმუნებული ვარ, გაიმარჯვებს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე. რამდენი ჯვაროსნული ლაშქრობაც არ უნდა გამოაცხადონ, რამდენი ლოცვაც, წყევლა კრულვაც არ უნდა აღავლინონ "კა-გე-ბეს" კოსტიუმიანებმა თუ სხვა ელემენტებმა, საბოლოო ჯამში თავისუფლება გაიმარჯვებს", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ საქართველოსგან ჩრდილოეთით გამოცხადდა ევრაზიული კავშირის შექმნა.
"ამით მათ მიერ ცხადდება საბჭოთა კავშირის ახალი ვარიანტი. მათთვის, სამწუხაროდ, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც პირდაპირ კრემლის ფილიალია, გამოაცხადა ჯვაროსნული ლაშქრობა საბჭოთა კავშირის აღდგენა, თავისუფალ საქართველოს უწოდა ისტორიული რუსეთის შემადგენელი ნაწილი, რომელიც უნდა დაბრუნდეს უკან, რუსეთში. რეიგანმა გამოჰგლიჯა ხელიდან მათ ჩვენი ქვეყანა. რეიგანმა გამოჰგლიჯა მათ ჩვენი თავისუფლების იდეა და დღეს ხორციელდება მცდელობა ისტორიული რევანშის იმის წინააღმდეგ, რაც გააკეთა რონალდ რეიგანმა. მათ აღადგინეს საბჭოთა კავშირის ჰიმნი, ჩვენ ვდგავთ აქ რონალდ რეიგანის ძეგლს, როგორც განსხვავებას ჩვენსა და მათ ფასეულობებს შორის", - განაცხადა სააკაშვილმა რიყეზე, რეიგანის ძეგლის გახსნისას.