საქართველოში სტუმრად მყოფი ამერიკელი კონგრესმენები ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გაიმართა. ირაკლი ალასანიამ, გიორგი თარგამაძე, დავით გამყრელიძემ, დავით უსუფაშვილმა და კახა შარტავამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარებიც გააკეთეს.
„ჩვენი დასავლელი მეგობრები და ჩვენ ვთანხმდებით იმაში, რომ არჩევნები, რომელიც გვიახლოვდება არის გადამწყვეტი საქართველოს დემოკრატიისთვის. ვისაუბრეთ საქართველოში შექმნილი სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე, რუსეთთან ურთიერთობაზე და შექმნილ ვითარებაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში", - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.
„ახალი მემარჯვენეების" ლიდერ დავით გამყრელიძის თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და ჩიკაგოს სამიტი იყო.
„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, ჩიკაგოს სამიტი იყო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა, მითუმეთეს დიმიტრი მედვედევის განცხადების შემდეგ. მედვედევი პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთის პირდაპირი საზრუნავი არის არა ოსი ხალხის დაცვა, არამედ ნატო-ს გაფართოების შეჩერება", - აღნიშნა გამყრელიძემ.
„რესპუბლიკელების" ლიდერ დავით უსუფაშვილის თქმით კი, მათ კონგრესმენებს კიდევ ერთხელ სთხოვეს, რომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის მხარდაჭერა აუცილებელია.
„რაც შეეხება დემოკრატიულ პროცესებს. ჩვენ პრაქტიკულად შევთანხმდით, რომ ხელისუფლების საარჩევნო გზით გადაცემა არის ტესტი, რომელიც საქართველომ უნდა ჩააბაროს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.