დღეს, 23 ნოემბერს, 14:00 საათზე, ქართული საინიციატივო ჯგუფისა და რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის პარტნიორული შეთანხმების შედეგად, საქართველოში რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრი გაიხსნება. საქართველოში. ეს იქნება პირველი ცენტრი აშშ-ის გარეთ, რომელსაც ოფიციალურად მიენიჭა პრეზიდენტ რეიგანის სახელი და რომელიც იფუნქციონირებს, როგორც რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის ოფიციალური პარტნიორი.
ცენტრის გახსნას რეიგანის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ჰოიბუსი, ფონდის მთავარი კონსულტანტი ლინდა ბონდი და ამერიკელი კონგრესმენები, დევიდ დრეიერი, ედ ვიტფილდი და დონალდ პეინი დაესწრებიან.
"რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრი იქმნება არასამეწარმეო, არაკომერციული და პოლიტიკურად ნეიტრალური ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფლების, დემოკრატიის, ეფექტური მთავრობისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების გატარებას ცხოვრებაში. ცენტრი ხელს შეუწყობს ისეთი თანმიმდევრული პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მოახდენს დემოკრატიული განვითარების სტიმულაციასა და უსაფრთხოების განმტკიცებას, მხარს დაუჭერს როგორც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების შემდგომ გამყარებას, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს", - აცხადებენ ცენტრის შემქმნელები.