"ახალი მემარჯვენეების" ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე განმარტავს, რომ ხელისუფლების მიერ სოციალური და საპენსიო პოლიტიკის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი შემოთავაზებები და "სტრატეგიული განვითარების 10 პუნქტიან გეგმაში" წარმოდგენილი პრიორიტეტები ნაკლებად ეფექტურია და რეალურად ვერ უზრუნველყოფს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ქვეყანაში.
"ქვეყანას საერთოდ არ გააჩნია საპენსიო სისტემა და რაიმე სახის საპენსიო მოდელი. არსებული პენსიები, რეალურად მხოლოდ სოციალური დახმარების, სოციალური შემწეობის ფუნქციას ატარებს და მას საპენსიო უზრუნველყოფასთან და საპენსიო სისტემასთან საერთო არაფერი აქვს", - აცხადებს კალანდაძე.
მისი თქმით, ახალი შემოთავაზების მიხედვით, 67 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის განსხვავებული საპენსიო დანამატებით უზრუნველყოფა არის გათვალისწინებული.
"ცხადია, მთავრობა ამ გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობდა პრინციპით ნაკლები დანახარჯები ჰქონოდა ბიუჯეტში, მაგრამ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში საპენსიო ასაკი 60 წელია, ხოლო საპენსიო დანამატები 67 წლის ასაკიდან პენსიონრებს დაენიშნებათ, მკვეთრად დისკრიმინაციული ხასიათისაა და ყოველგვარ ეკონომიკურ თუ სოციალური სამართლიანობის პრინციპს არის მოკლებული", - ამბობს "ახალი მემარჯვენების" ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი.
როგორც კალანდაძე აცხადებს, კარგია, რომ მას შემდეგ, რაც "ახალმა მემარჯვენეებმა" მოსახლეობის დაზღვევასთან დაკავშირებით საკუთარი პროგრამა წარადგინეს, ხელისუფლებამ შემდგომ თავისი პროგრამა წარმოადგინა.
"მაგრამ მიგვაჩნია, რომ მთავრობის შემოთავაზებებში ბევრი რამ არ არის გათვალისწინებული: დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პენსიონრების მედიკამენტებით უზრუნველყოფის შემოთავაზებული სისტემა არასაკმარისია. ესენციური მედიკამენტები უმწეოებს უნდა აუნაზღაურდეთ არა 50 პროცენტით, არამედ 100 %-ით. ასევე უფასო უნდა იყოს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები;
მთავრების მიერ შემოთავაზებული სქემა არ ითვალისწინებს მოსახლეობის იმ კატეგორიას, რომლებიც არც უმწეოები არიან და არც პენსიონერები. ასეთი დაუზღვეველი ადამიანები მთელი მოსახლეობის 60%-ზე მეტს შეადგენენ და ისინი საერთოდ მოკლებულნი არიან ასეთი პოლისების შეძენის შესაძლებლობას. სადაზღვევო ინდუსტრიას დღეს არანაირი მოტივაცია და სტიმული არ გააჩნია, რომ სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებული სადაზღვევო პოლისები მოსახლეობის ამ კატეგორიას შესთავაზოს", - აცხადებს კალანდაძე.
კალანდაძე განმარტავს, რომ სამედიცინო სადაზღვევო პროდუქტების ხელმისაწვდომობის და მოსახლეობის მასობრივი დაზღვევის ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მთავრობამ უნდა შეიმუშაოს სპეციალური სისტემა და რიგი შეღავათები, რაც საშუალებას მისცემს სადაზღვევო კომპანიებს, უმწეოთა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით გათვალისწინებული სადაზღვევო პოლისების ტიპის სადაზღვევო პროდუქტი, ანუ ხელმისაწვდომი სადაზღვევო პროდუქტი მასობრივად შესთავაზონ მოსახლეობის პრაქტიკულად ყველა კატეგორიას. პოლისების შემძენი პირები საკუთარი მოხმარებისთვის, თანამშრომლებისთის ან ოჯახის წევრებისთვის სადაზღვევო პოლისის შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებენ დაზღვევაში გადახდილი თანხების გამოქვითვის უფლებით.
"ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც ორგანიზაციების, ასევე მოსახლეობის ინტერესს და მოტივაციას - ჩაერთონ სამედიცინო დაზღვევის პროგრამებში და საზოგადოებაში გაჩნდება დამატებითი ეფექტური სოციალური გარანტიების მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმი", - აცხადებს "ახალი მემარჯვენების" ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი.