"1990-იან წლებში, მაშინ, როცა საქართველოში აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებისთვის თითქმის აღარავის ეცალა, ირაკლი ჩარკვიანმა დროს გადაუსწრო და ჩამოაყალიბა სრულიად ახალი მიმდინარეობა მუსიკაში", - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მომღერალ ირაკლი ჩარკვიანს, რომელსაც დღეს 50 წელი შეუსრულდებოდა. პრეზიდენტის ეს შეფასება სოციალურ ქსელ „facebook"-ზე თავის გვერდზე გამოქვეყნდა.
„ის არა მხოლოდ საკუთარი შემოქმედებით, არამედ ცხოვრების წესითაც პროტესტს უცხადებდა კონფორმიზმსა და საბჭოთა მენტალიტეტს. ირაკლი არის თავისუფალი, ნიჭიერი ადამიანის ბრწყინვალე მაგალითი. მისი მუსიკა ახლაც, ისეთივე ახალგაზრდა და თანამედროვეა, როგორც ადრე", - წერია პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდის კედელზე.
ცნობისთვის, ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური მოღვაწეობა 1976 წელს, ჯგუფ „არიშთან" ერთად დაიწყო. მისი პირველი სოლო-დისკი, Svan Songs ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს (გერმანია).
1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი „აფრენ". 1999 წელს გამოჩნდა სიმღერა საქართველო, 2000 წელს შემდეგი დამოუკიდებელი სიმღერა უსაფრთხოება. ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი „ამო" გამოჩნდა 2001 წელს. ეს ალბომი ცნობილია სიმღერებით „სექსი" და „ორღანი78".
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად „მეფე" აირჩია.
2006 წლის 25 თებერვალს მუსიკოსი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
2007 წელს, სპეციალური ალბომი მის ხსოვნას მიუძღვნეს ცნობილმა მუსიკოსებმა: ჯგუფებმა 33ა, მწვანე ოთახმა, Outsider, ვაკის პარკმა, The Young Georgian Lolitaz, ზუმბა და სხვა შემსრულებლებმა. დისკს "ქაღალდის გემი - Tribute ალბომი" ეწოდება. მოგვიანებით შეგროვებული იქნა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი „ძირს მეფე".