დღეს, 18 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციებს წაიკითხავენ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერები, ფიზიკოსები - ზურაბ ბერეჟიანი და ზვიად წამალაიძე.
ზურაბ ბერეჟიანი წლებია იტალიაში მოღვაწეობს. 1999 წელს მან იტალიის ნაციონალურ კონკურსში გაიმარჯვა და ამჟამად აკვილას უნივერსიტეტის პროფესორია ფიზიკის დარგში.
ზვიად წამალაიძე მუშაობდა მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. შემდგომში წარმატებით გააგრძელა მოღვაწეობა დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში.
სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულმა ფონდმა 16-17 ნოემბერს მოაწყო ყოველწლიური სამეცნიერო ღონისძიება - საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა ფორუმი.
სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო ფორუმის მიზანია საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სამეცნიერო პოტენციალის მოზიდვა, მათი გამოცდილებისა და კონტაქტების დახმარებით საქართველოს კვლევითი საქმიანობის განვითარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა.
სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უცხოეთში მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა საქართველოს ინტელექტუალურ და სამეცნიერო ცხოვრებაში ჩართვის მიზნით, არაერთ საგრანტო კონკურსს ახორციელებს. ამ მიმართულებით ჩამოყალიბდა და უკვე მიმდინარეობს მრავალი კონკურსი, რომელთა იდეა გასულ წელს გამართულ ანალოგიურ ფორუმზე დაიბადა.